სოფო გოზალიშვილი

Journalist in Грузия

სოფო გოზალიშვილი

Journalist in Грузия

Read my blog

ჩემ შესახებ

მე რომ ჯოანა როულინგი ვიყო, ჩემი პირველი პოსტი საკუთარ თავზე დაიწყებოდა ასე: ვინ წარმოიდგენდა, რომ 1996 წლის 3 აგვისტოს ჩემს მშობლებს მეტად უცნაური და თანაც საინტერესო ამბავი გადახდებოდათ თავს. თუმცა, ვინაიდან არა როულინგი, არამედ ჩვეულებრივი სტუდენტი ვარ, დავიწყებ იმით, რომ ჩემს წარმოსახვაში ცხოვრება კიბის საფეხურია და პირველი საფეხური სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც 1996 წლის 3 აგვისტოს დავიბადე მე, სოფო გოზალიშვილი.

ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულს, თავი ხშირად მომიწონებია იმით, რომ ცხოველთა მეფის სიძლიერე და მედიდურობა დაბადებიდან თან დამყვა. უმბერტო ეკომ კი თავისი გამონათქვამით ბევრ რამეზე დამაფიქრა, როცა თქვა, რომ ყველაფერი ყოველთვის ჩვენი ვარსკვლავის ქვეშ არ იბადება, და ერთადერთი გზა ადამიანური ცხოვრებისთვის, ეს არის ჩვენს ჰოროსკოპში ყოველდღიურად შევიტანოთ კორექტირება.

რთულია, გახსოვდეს 1996 წლიდან მოყოლებული ყველა ქმედება. თუმცა, ვხედავ როგორ ავდივარ მეორე საფეხურზე, რომელსაც საბავშვო ბაღი ჰქვია. პატარა ხელებით ვგრძნობ, რომ მარჯვნივ დედა დგას, მარცხნივ მამა. ფანჯარასთან ვარ, ისეთი პატარა , რომ მხოლოდ ცას ვხედავ და დედას წარმოსახვით ვუქნევ ხელს.

მესამე საფეხური - გურამ რამიშვილის სახელობის N20 საჯარო სკოლა. ზარი, მერხები, მასწავლებლები, კლასელები, ექსკურსიები, ბოლო ზარი. თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი დამთავრდა. ალბათ უკვე დიდი ვარ.

ავდივარ მეოთხე საფეხურზე, დედას და მამას ხელს აღარ ვკიდებ. ისინი უკან დგანან, ისე მიყურებენ ზურგი მეწვება.. მე კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტი ვარ. რაც შეეხება ჟურნალისტის პროფესიას, ვირჩევ იმიტომ, რომ არ მიყვარს ერთფეროვნება და მინდა ვიყო ჩემი ქვეყნის მეოთხე ხელისუფლება.

ყოველთვის, როდესაც ვლაპარაკობ საკუთარ თავზე არ შემიძლია არ ვახსენო, რომ არასოდეს ვყოფილვარ სხვა გოგოებივით მშვიდი და წყნარი და ერთადერთი რამ, რასაც ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში არის ფეხბურთი და ჩემი საყვარელი გუნდი მიუნხენის ბაიერნი, რომელიც მამაჩემმა ჯერ კიდევ მაშინ შემაყვარა, როდესაც ისიც კი არ ვიცოდი ფეხბურთს რამდენი კაცი თამაშობდა.

დღეს, 2016 წლის 28 თებერვალს, თვალს ვაპარებ მომავლისკენ და ზევით უამრავ, სხვადასხვა ფერის საფეხურს ვხედავ. ვხვდები, ეს ჩემი ცხოვრების მომავალი ნაბიჯებია. არ ვიცი რა იქნება ხვალ, უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ, კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, არ მინდა ჩემი ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანს ჰგავდეს, რომელსაც დაამთავრებ და იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

ჩემი რეზიუმე : http://bit.ly/1qIaTra

  • Education
    • Caucasus University