ულა
ჩემი ქალაქი პატარაა და თბილი, ცნობისმოყვარეც; ჩემი ფერები – ლურჯი და ცისფერი; ჩემი ოთახი – შავ–თეთრი; ჩემი მუსიკა – ცვალებადი, როგორც ჩემი ხასიათი, თუმცა ხოჭოები, ისევე, როგორც ჩემი ინდეფერენტულობა – კონსტანტა; ჩემი დესერტი – შოკოლადის ნაყინი და ბლინები ალუბლით; ჩემი სასმელი – კოკა–კოლა.
გარს მახვევია იდეალური ადამიანები და მაქვს მარტივი ცხოვრება.
ვმღერი – მუდმივად, მიუხედავად სმენისა და ხმის სრული არარსებობისა.
ვხატავ, მაშინ, როცა ვიღლები.
ვწერ, მაშინ, როცა ნაპრალის პირას ვდგავარ.
ვარ განსაკუთრებული - როგორც ყველა.
მგზავრობას ცუდად ვიტან, განსაკუთრებით, თუ მღვიძავს.
მზე მიდნობს-ხოლმე მჟავე აზრებს.
დრამატული ფილმების ყურება დავიწყე, რასაც ადრე არასოდეს ვაკეთებდი პრინციპით: –ცხოვრებაში ისედაც იმდენი ნეგატივია, სხვისი გამოგონილი პრობლემებით თავი რატომ უნდა დაიტანჯო.
ჰო, ყველა ფილმი გულთან ახლოს მიმაქვს. ალბათ, სწორედ ამიტომ მიყვარს ისინი.
წიგნები – ჩემს მეხსიერებაში ფილმებზე მეტ ხანს რჩებიან. არასაკმარისად, მაგრამ მაინც მძაფრად იჭრებიან ჩემი სულის ყველა კუთხეში, ანათებენ იქ დაგუბებულ წყვდიადს და მაძლევენ ახალ სიცოცხლეს.
ყველა პერსონაჟი მთავაზობს ინსპირაციას, თავდავიწყებას, რეალობისაგან თავის დაღწევას და მეც სიამოვნებით ვთანხმდები ამ შემოთავაზებას. ვირტუალურად ვმოგზაურობ ინგლისში, საფრანგეთში, უნგრეთში, იაპონიაში... ვარ ცითკიდემდე შეყვარებულიც, მწერალიც, კომისარიც, პრეზიდენტიც, გრაფიც, მაწანწალაც, ლოთიცა და მოღალატე ცოლიც... ზოგჯერ სამართალი ვარ, ზოგჯერ – თვით დანაშაული...
ვერ ვიღებ ცხოვრებას პირდაპირ, მშრალად – ტკბილი მათრობელი წვენების გარეშე. თვალებში ძნელად ვუყურებ სიმართლეს და ამიტომ დაუღალავად ვეძებ ყველგან, სადაც არ ჩანს.
ვცდები, ბევრჯერ, მაგრამ არ ვნანობ. თითქმის არასდროს. ვიცი, რომ ყოველთვის დავუშვებ შეცდომებს და არ ღირს დროის დაკარგვა მათ გამოსასწორებლად. რომ ყველა ცდება და ჩემი შეცდომები არ მაქცევდენ სამყაროში ყველაზე საზიზღარ არსებად. სწორედ ახლა მაქვს დრო და ასაკი დავუშვა შეცდომები ერთიმეორის მიყოლებით...
დავიწყე ხატვა. გუაშებით. ვერ ავუღე ალღო უკვე არსებულთ და მოვიგონე საკუთარი სტილი. არ ვხატავ სახეებს. მხოლოდ მათიას შანდორი სარგებლობს ამ პატივით და ,,ის". ვხატავდი თეთრით შავზე და მერე ნაცრისფერით უფრო ნაცრისფერზე. ამით ვიცავ წესს – წესები იმისათვის არსებობს, რომ დაარღვიონ.
ვირწმუნე ღმერთის არ არსებობა და ადამიანის გენიალურობა. ადამიანებში ვეძებ ღმერთს, ჯიუტად მწამს მათი იდეალურობის და ფრაზის – ვინც ეძებს, ის პოულობს. ვპოულობ კიდეც შიგადაშიგ და ღრმად ვიტენი გულში მათ სიყვარულს.